მონაზვნური აღკვეცები

შესაბამისი სწავლებისა და გამოცდის პერიოდის შემდეგ მორჩილი სიცოცხლის სრულ მსხვერპლს აღასრულებს. იგი საკუთარ თავს ღმერთს, მარადიულს, სხეულითა და სულით, დროში და მარადისობაში უძღვნის. ეს ხდება მაშინ, როცა იგი პირველად ბერისა და ძმების წინაშე “მეტანიას” აღასრულებს, ანუ მარადიულ აღთქმებს დებს. შემდეგ იგი ღვთისგან, თავისი ბერის ხელით, სულიწმინდის მადლითა და ძალით იღებს კურთხევას.
მონაზვნობის საიდუმლო ერთია; მაგრამ არსებობს კურთხევის სამი საფეხური, რომლებიც სულიერი გზის განსაზღვრულ ეტაპებს შეესაბამება:
1.) წმინდა სამოსის კურთხევა (Ράσοευχή),
2.) მცირე სქემის კურთხევა (Μικρόσχημα) და ბოლოს
3.) დიდი წმინდა ანგელოზური სქემის კურთხევა
(Ἅγιο Μεγάλο καὶ Ἀγγελικὸ Σχῆμα).
წმინდა სამოსის კურთხევა (Ράσοευχή) უკვე სრულად მოქმედი მონაზვნური აღკვეცაა და მხოლოდ შესაბამისი გამოცდის პერიოდის შემდეგ უნდა მიენიჭოს. იგი გულისხმობს მარადიულ აღთქმებსა და მონაზვნურ ცხოვრების წესს და ღამისთევის მსახურების კონტექსტში აღესრულება.
იგი შეესაბამება შეგირდის მდგომარეობას, რომელმაც მკაფიოდ გადაწყვიტა და სერიოზულობით მიდის მონაზონთა გზით, მაგრამ ჯერ კიდევ დასაწყისში დგას. არიან მონაზვნები, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ მდგომარეობაში რჩებიან და მორჩილებით, სიმდაბლითა და უანგარო მსახურებით წმინდა ადამიანები ხდებიან. თავიდანვე მონაზონი, როგორც “ანგელოზი სხეულში” და “ღვთის მაცნე დედამიწაზე”, ჩაყენებულია სულიერი ძალების ესქატოლოგიურ ბრძოლაში, რომელზეც წმინდა მოციქული პავლე საუბრობს (ეფ. VI, 12). სამოსს ძლიერი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; ბიბლიურ გადმოცემაში იგი ადამიანის სხეულებრივ მხარეს აღნიშნავს. ამავე დროს მასში მისი სულიერი განწყობაც გამოიხატება; უფრო მეტიც, დაფარვაში იგი არსს აჩვენებს.
მცირე სქემა (Μικρόσχημα) კურთხევის მეორე საფეხურია. წესი უფრო ვრცელია და საღმრთო ლიტურგიაშია ჩართული. წმინდა სამოსთან ერთად მონაზონი ახლა იღებს გულსაფარსაც (პალიუმს). ამით იგი სულიერ მებრძოლად აღინიშნება; მისი გულსაფარი გამარჯვების ნიშნად იესო ქრისტეს ჯვარს ატარებს. ეს კურთხევა პირველსახეს უფრო მკვეთრად წარმოაჩენს და მხოლოდ მას უნდა მიენიჭოს, ვისაც ასეთი სიმკვეთრის ატანა და გამოსხივება შეუძლია. მცირე სქემის მონაზონს უნდა შეეძლოს მონასტრული ცხოვრების არსებითი სფეროების დამოუკიდებლად შენარჩუნება და წმინდა გადმოცემაში მყარად დგომა, როგორც ძველ ხელობაში კარგი შეგირდი იცნობს თავის საქმეს და დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლია.
ბოლოს, დიდი წმინდა ანგელოზური სქემის კურთხევა (Ἅγιο Μεγάλο καὶ Ἀγγελικὸ Σχῆμα), როგორც იგი სრულად იწოდება, ოსტატობას აღნიშნავს. ეს არის კურთხევის უმაღლესი საფეხური. მონაზონი იღებს სრულ სულიერ საჭურველს, დიდ პალიუმს, რომელიც სამღვდელო ოლარივით იხმარება და რომელზეც სხვა წმინდა ნიშნებია დატანილი, ასევე პოლისტავრიონს. ეს კურთხევა მხოლოდ გამოცდილ მონაზვნებს ეძლევათ, რომლებიც მთლიანად წმინდა გადმოცემაში ცხოვრობენ და შეუძლიათ სხვა მონაზვნების ხელმძღვანელობა და სწავლება. ძველი გადმოცემის თანახმად, მხოლოდ დიდ სქემაში მყოფ მონაზონს შეუძლია სხვა მონაზვნების აღკვეცა და ხელმძღვანელობა. წმინდა მთის ათონის ყველა ბერსა და იღუმენს აქვს ეს კურთხევა, და მის გარეშე, ასევე მის მიერ ნაგულისხმევი სულიერი სინამდვილის, განრჩევისა და გამოცდილების გარეშე, სხვა მონაზვნების ხელმძღვანელობა შეუძლებელია. ასე თავიდან იცილება, რომ მონაზვნობა აბსტრაქტულ იდეოლოგიად და გარეგან წესების დაცვად გამკვრივდეს. ასევე უზრუნველყოფილია, რომ ძველი ფორმები ცოცხალი სულით იყოს სავსე და ნატარები, რომ მონაზვნობის თავდაპირველი ხასიათი, როგორც საიდუმლო და განღმრთობის გზა, დაცული და გადაცემული დარჩეს. მხოლოდ იქ, სადაც ეს მართლაც მოცემულია, შეიძლება სამართლიანად ითქვას “მარადიული მადლის ნაკადის” შესახებ.