მონაზვნობის შესახებ
ვატოპედელი მამა იოსები, ათონი

მონაზვნობაში ადამიანს, თუ სურს, შეუძლია იპოვოს შესაბამისი პირობები სულის ჭრილობათა განსაკურნებლად, რადგან იგი საფუძვლიანად შორდება დაცემისა და ცოდვის მიზეზებს. ამავე დროს მონაზვნობაში იგი პოულობს მიზანმიმართულ ცხოვრების წესს, გამოცდილ და ბრძნულ “პროგრამას”, თუ როგორ მიჰყვეს ქრისტეს სიწმინდით, უანგარობით, უქონლობით, სიმდაბლით და სხვა სათნოებებით.
მონაზვნობა, განსაკუთრებით კინოვიონში, წმინდა საძმოში ანუ საერთო ცხოვრების მონასტერში, პირველი ქრისტიანების ცხოვრების გაგრძელებაა, რომელთათვისაც ასევე ყველაფერი საერთო იყო.
1700 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მონაზვნური თემებისთვის მყარი წესები გადმოგვეცა, რომლებიც თავად ღმერთმა მისცა ღმერთშემოსილ მამებს, მაგალითად წმინდა პახომის, კვლავ და კვლავ ვცნობთ ღვთის დიდებას. ამ გადმოცემებმა ხელი შეუწყო ძმათა საზოგადოების სრულყოფას უფლის სიტყვის თანახმად: “სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ ვარ მეც მათ შორის."
მონაზვნები ნებაყოფლობით აბარებენ თავს ბერს, და ამას მთლიანად აკეთებენ. იგი ღვთის სულის მატარებელია; მისგან მოედინება სიბრძნე, მადლის ძალა, განრჩევა, მშვიდობა, გულის სიფართოვე, სიყვარული და ყოველი სათნოება. მორჩილებით მონაზვნები კლავენ თვითნებობას, ამქვეყნიურ მზაკვრობას, ამპარტავნებას, კადნიერებასა და თვითამაღლებას, და ამით იძენენ უფლის სიმშვიდესა და გულის სიწმინდეს, რომელიც თავად იყო მორჩილი თავისი მამისა ჯვარზე სიკვდილამდე.
ხედავ მოწაფეს, რომელიც მშვიდად და სიხარულით ემსახურება ძმას ისევე, როგორც თავის უფალსა და მამას, სავსე სიმშვიდითა და სიყვარულით. მოწაფისთვის მისი ბერი ღვთის სრულყოფილი ხატია; ბერი არის ღვთის ადგილი და მოქმედების სახე. ქრისტე ეუბნება მოციქულებს: “ვინც თქვენ გისმენთ, მე მისმენს; და ვინც თქვენ უარგყოფთ, მე უარმყოფს."
მონაზონი, იქნება ეს სტუმართა სახლში, ბაღში, ტრაპეზზე, ტაძარში თუ სხვა მსახურებებში, სადაც და რაც უნდა იყოს, ძმური სიყვარულით, მეგობრობითა და სიყვარულით, და ყოველთვის ბერის მითითებებისა და დარიგებების თანახმად შრომისას, მხოლოდ გარეგნულად კი არ ემორჩილება, არამედ უპირველესად შინაგანად. იგი შედის წმინდა წესრიგში. იგი არ მისდევს საკუთარ ჭკუას ან საკუთარ შეხედულებას, არამედ თავისი ბერის სიბრძნეს. ღვთაებრივი მორჩილების საიდუმლოთი, ისევე როგორც ლოცვით, იგი უკუაგდებს სულის ყოველ ვნებიან, მტანჯველ მოძრაობას და სრულიად თავისუფალი რჩება ცოდვისა და ბოროტი აზრებისგან.